ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის კორექტირება არ იგეგმება.
დოკუმენტი დღეს იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილეს. სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ „ევროპელი სოციალისტები“ ესწრებოდნენ. უკრაინაში მიღებული კანონის ქართული ანალოგით ჩნდება ოთხი კრიტერიუმი, რომელთაგან სამის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი ოლიგარქად იქნება მიჩნეული. მათ შორისაა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და მედიაზე გავლენები.
რა იგულისხმება დეოლიგარქიზაციის ჩანაწერში – ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველოსთვის გაწერილი რიგით მეხუთე რეკომენდაცია ერთ-ერთ მთავარ სადავო პუნქტად იქცა. პროექტი მომდევნო კვირას სესიაზე პირველი მოსმენით გადის, თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი მის მხარდაჭერას არ აპირებს და პოზიციას ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის პროექტში შესული მკაცრი შესწორებით იმყარებს. მმართველი გუნდი კი ოპონენტებს ახსენებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინაში მიღებული კანონი ევროპული სტრუქტურებიდან მოწონებულია.