რა მიზნებისთვის სჭირდება მმართველ გუნდს ხელისუფლებაში მეოთხედ და თან საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა – „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გზავნილები ამჯერად რუსთავში მოისმინეს.
ქვემო ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გაკეთდა განმარტება ომისა და ოსებთან შერიგების შესახებ იმ განცხადებაზეც, რასაც ოპონენტების მხრიდან ვნებათაღელვა მოჰყვა. თუმცა პოლიტიკური აჟიოტაჟი ვერც გუშინდელმა განმარტებამ ჩააცხრო. მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებების მთავარი ხაზი დაანონსებული სამი საკონსტიტუციო ცვლილებაა, რომელთაგან ერთი ყოფილი მმართველი პარტიის პოლიტიკურ გასამართლებას გულისხმობს. „ნაციონალური მოძრაობის“ მწვავე კრიტიკა და მისი მისამართით მძიმე ბრალდებები გუშინდელ შეხვედრაზეც ისმოდა.