დენდროლოგიური პარკის განცხადება - გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში
უკვე მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების თემაა დენდროლოგიური პარკის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბაობაბის რვა ხის გახმობის მიზეზი, ტრანსპორტირების დროს შექმნილი ხელოვნური ბარიერები გახდა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნულ ხეებთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად ბევრი პრობლემა შექმნა, რაც საბოლოოდ ამ შედეგში გამოიხატა.
შეგახსენებთ, რომ დენდროლოგიურმა პარკმა განცხადება გუშინ გაავრცელა. ადმინისტრაცია წერს, რომ პარკის შექმნის დღიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში, დავა მიმდინარეობდა კენიაშიც, რაც თითქმის ორ წელს გაგრძელდა. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ პერიოდში ხეები შეუსაბამო პირობებში იყო. საბოლოოდ ცრუ ბრალდება კენიის სასამართლომ და ხელისუფლებამ უარყო, თუმცა ტრანსპორტირებაზე შექმნილი ბარიერების გამო, რვავე ბაობაბი საქართველოში ჩამოტანიდან ექვს თვეში გახმა.