თბილისის მერობის 16 კანდიდატი ერთ სატელევიზიო სტუდიაში.
საქართველოს პირველი არხის ეთერში მერობის კანდიდატთა პირველი საარჩევნო დებატები ყველა კანდიდატის მონაწილეობით დაიწყო და 15 კანდიდატს შორის დებატით გაგრძელდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ერთწუთიანი მწვავე მისასალმებელი სიტყვის შემდეგ სტუდია პროტესტის ნიშნად დატოვა. ორსაათნახევრის განმავლობაში დედაქალაქის პირველი პირის სტატუსისთვის მებრძოლებს საშუალება ჰქონდათ, ამომრჩევლებისთვის ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვა გაეცნოთ და ერთმანეთისთვის კითხვებიც დაესვათ, კონკურენტთა დიდი ნაწილის შეკითხვების ადრესატი მმართველი პარტიის კანდიდატი იყო. შეკითხვა კახა კალაძეს დაუსვა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა და კონკურენტმა გიორგი გახარიამაც. დებატების მსვლელობის დროს სტუდიაში სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა.