დებატები გაეროში

ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული რთული ვითარება – ეს ფაქტები დაგმეს პარტნიორებმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე, სადაც ქართულმა მხარემ წარადგინა რეზოლუცია სახელწოდებით, „თანამშრომლობა საქართველოსთან.“

საკუთარ გამოსვლებში დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, ბულგარეთის და რუმინეთის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დაშვების აუცილებლობას და აღნიშნეს, რომ საქართველოს მოქალაქების სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევები, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგია და მოითხოვეს საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირება.