დებატები ევროპარლამენტში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და დებატები ევროპარლამენტში – ევროპელი დეპუტატების კრიტიკულ გამოსვლებს თბილისში ეხმაურებიან. ოპოზიციას მიაჩნია, რომ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოჩინდა საქართველოს ხელისუფლების არასწორი კურსი. მათი თქმით, მკაფიოდ გამოიკვეთა დეპუტატების პოზიცია, რომ ქართველი ხალხის ნებას მმართველი გუნდი ვერ გამოხატავს და თუ ვინმე იმსახურებს კანდიდატის სტატუსს – ქართული საზოგადოებაა, რომელმაც აქციებზე საკუთარი ევროატლანტიკური მისწრაფებები ნათლად წარმოაჩინა.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მიღებული უსამართლო რეზოლუციების შემდეგ, კრიტიკა ევროპარლამენტიდან არ გაკვირვებიათ და ცალკეული დეპუტატები არა ქვეყნის, არამედ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს იცავენ.