საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისადმი საერთაშორისო ინტერესი არ ნელდება.
26 ოქტომბრის შედეგებზე ევროპარლამენტში პირველი დებატები გაიმართა. პოზიციები გაყოფილია. ევროპელი კანონმდებლების ნაწილი კენჭისყრის პროცესს სამართლიანად არ მიიჩნევს და დარღვევებზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ემხრობა. იყო მოწოდებები გარკვეული ზომების მიღებისკენ. ცალკეული ევროპარლამენტარები ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას არასაკმარისად მიიჩნევენ და პერსონალური სანქციების დაწესებას და უვიზო რეჟიმის შეჩერებას ემხრობიან. დებატებზე, სადაც არჩევნების თემას განიხილავდნენ, რამდენჯერმე ახსენეს ბოლო თვეებში მიღებული ორი ცნობილი კანონიც, რომელთა გაუქმება ევროპარლამენტართა ნაწილის მთავარ მოთხოვნად რჩება. გაჟღერდა რადიკალურად განსხვავებული გზავნილებიც. ევროპელი დეპუტატების ნაწილი არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ არ აყენებს და კოლეგებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავშეკავებას სთხოვს. იყო ღია განცხადებები ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზეც და დესტაბილიზაციის ხელშემწყობ ქმედებებზე. ამ პოზიციის მქონე ევროპარლამენტარები ევროკავშირს საქართველოსთან დიალოგის დაწყებას და ევროინტეგრაციის პროცესის განახლებას სთხოვენ.