ევროპარლამენტში გამართულ კენჭისყრას წინ საქართველოს შესახებ მწვავე პოლიტიკური დებატები უძღოდა.
შიდა პოლიტიკური პროცესების შეფასების დროს ევროპარლამენტარების ნაწილის ტონი და რიტორიკა საკმაოდ მკაცრი იყო. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, რეზონანსული საქმეების გამოძიება, მართლმსაჯულება, მედია-თავისუფლება – ეს ის საკითხებია, რაზეც ცალკეულმა დეპუტატებმა ქვეყნის ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს. რამდენიმე ევროპარლამენტარისგან ჰუმანიტარულ საფუძველზე ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოწოდებებიც გაისმა. ევროპარლამენტის წევრთა ნაწილი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ხარისხითაც უკმაყოფილოა. გზავნილია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის პუნქტები სრულყოფილად შესრულდეს და ამ მიზნით ყველა პოლიტიკური ძალა, უთანხმოების მიუხედავად, გაერთიანდეს. მწვავე გამოსვლების შემდეგ „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტართა გარკვეულ ჯგუფს პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებაში და ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური მოტივით ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს. ოპოზიციის ნაწილს კი დებატებმა კიდევ უფრო გაუმყარა პროგნოზი იმის შესახებ, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.