დავით ზალკალიანმა ფედერიკა მოგერინის გუგუტიანთკარში არსებული ვითარება გააცნო
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან განიხილა.
სატელეფონო საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ გარემოზე. დავით ზალკალიანმა მოგერინის დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.
სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას.
ასევე აღინიშნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა.
ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.