დავით ზალკალიანი აშშ-ში სენატორებს შეხვდა

დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატორებს შეხვდა, მათ შორის ჯინ შაჰინს და ჯეიმს რიშს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გამოუგზავნეს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ვაფასებთ ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებას ევროპისკენ, ნატოსკენ, ამერიკის შეერთებული შტატებისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“- ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სენატორებმა განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ეს იყო პროდუქტიული შეხვედრა, რომელზეც ისაუბრეს გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილზე, საქართველოში პოზიტიურ ძვრებზე და შტატების მიერ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის მხარდაჭერაზე.

სენატორებმა მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ვალდებულებები და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყოს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და წინ წაწიოს დაპირებული საარჩევნო რეფორმა.