დავით კეზერაშვილის განცხადება - გამოხმაურებები

დავით კეზერაშვილი მის პოლიტიკურ კავშირებსა და ოლიგარქობაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. „არასოდეს ჩავრეულვარ ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგში, არ მაქვს უფლება, მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას. უკვე მრავალი წელია, სახელისუფლებო მედია, რუსული პროპაგანდის სტილში, არ ერიდება ჩემ მიმართ ტყუილსა და ცილისწამებას. ჩემი სახელის ირგვლივ ატეხილი ხმაურისა და ბრალდებების მიუხედავად, არ ვაპირებ ამ დამაზიანებელ დისკუსიაში მონაწილეობას, რადგან ვთვლი – ამ ყველაფერს ერთი გამარჯვებული ეყოლება – ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმი. ქვეყნის ბედით დაინტერესებულ ძალებს დღეს ნამდვილად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერა. ოპოზიციურ სპექტრში არეულობის შეტანა ჩვენს ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. ეს გააძლიერებს ივანიშვილს, რუსულ გავლენებს და გაახანგრძლივებს სახელმწიფოს მიტაცების პროცესს. მე არასდროს არავისთვის მომიხვევია თავს არც მეგობრობა, არც პარტნიორობა. ერთადერთი, რასაც ვთვლიდი და ვთვლი ჩემ მოვალეობად, გვერდში დავუდგე ყველას, ვინც საქართველოს დამაზიანებელი პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადაა. არ ვაპირებ მშვიდად ვიყო და შორიდან ვუყურო ჩემი მეგობრების, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნას. ისინი რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები არიან“. კეზერაშვილის ამ განცხადებას პოლიტიკური სპექტრი ეხმაურება.