დავების წარმოება საკონსტიტუციო სასამართლოში - საკანონმდებლო ცვლილებები
შიდა პოლიტიკური უთანხმოების მიზეზი ხდება „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული კიდევ ერთი კანონპროექტი.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის დაკნინების და მისი უფლებამოსილების შესუსტების მცდელობად აფასებს. მმართველი გუნდი კი პოზიციას საერთაშორისო პრაქტიკაზე მითითებით იმყარებს და ოპონენტებს განუმარტავს, რომ ორგანული კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა სურს. პროექტის ავტორები არიან: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი. ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში დავების წარმოებას ეხება. თუ ახლა ორგანული კანონი მხარეებს მხოლოდ საკონსტიტუციო ნორმის გასაჩივრების უფლებას აძლევს, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში დავის საგანი იქნება მოქმედება ან უმოქმედობა. კანონპროექტის მომზადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავის დაწყება დააანონსა. ხელისუფლება პრეზიდენტს რამდენიმე ელჩის დანიშვნაზე უარის გამო უჩივის.