შარლ მიშელის დოკუმენტის პირველი პუნქტი დავის საგნად რჩება.
შეთანხმებაზე ხელის არ მომწერი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხის დატოვებას არც ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის გზით და არც ამნისტიით აპირებს. ანუ უარია მედიატორის მიერ მელიას გათავისუფლებისთვის შერჩეულ ორივე მექანიზმზე. მაშინ როცა „ქართული ოცნება“ ხელმოწერილი შეთანხმების რევიზიას გამორიცხავს, „ლელოს“ მხრიდან ჩნდება ინიციატივა მელიას გათავისუფლების ახალ ფორმაზე – იგულისხმება ევროპარლამენტართა თავდებობა. პარალელურად იწყება ამნისტიის აქტის პროექტის ვერსიებზე მუშაობა. თუმცა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ შეთანხმებაში ამნისტიის აქტთან დაკავშირებული ჩანაწერის შინაარსს მხარეები სხვადასხვანაირად კითხულობენ. დოკუმენტში წერია, რომ ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის პროტესტთან დაკავშირებულ ყველა დარღვევას და დაკავებას უნდა შეეხოს. თუმცა ოპოზიციის ნაწილს თავისი პირობა აქვს – ანუ ამნისტია პოლიციელებზე არ უნდა გავრცელდეს.