გაიზრდება თუ არა პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა – ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ისევ კონსულტაციების რეჟიმშია. ბოიკოტის შესაძლო შეწყვეტის საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფრაქციის მორიგი სხდომა დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა კონსულტაციები გადაიდო – ოფიციალურ მიზეზად პარტიის რამდენიმე წევრის კორონავირუსით ინფიცირება სახელდება. თუმცა ფაქტია, რომ გუნდის შიგნით პოზიციები გაყოფილია და გადაწყვეტილებაც იგვიანებს. საპარლამენტო საქმიანობაში სრულად ჩართვის იდეის მომხრეებს, პარტიაში მოწინააღმდეგეებიც ჰყავთ. ფიქრის პროცესშია „ლეიბორისტების“ ლიდერიც. დეპუტატის მანდატი შესაძლოა მიიღოს შალვა ნათელაშვილმაც, რომელიც სწორედ პარლამენტში შესვლის გამო, ოპოზიციის დიდ ნაწილს დღემდე მწვავედ აკრიტიკებს.