დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. რიგით მე-13 კამპანიას საქართველო სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს სწორედ დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებს მასპინძლობს, რომლებმაც ტრიბუნიდან იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრეს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. მათ შორის განათლების, სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის თუ დასაქმების მიმართულებით.

„ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები“ – ეს არის წლევანდელი გზავნილი. მიუხედავად იმისა, რომ დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერება ყოველწლიურად იზრდება, ამ მიმართულებით არსებული სტერეოტიპები ჯერ კიდევ დაუძლეველია.