დათო ბოლქვაძის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. ჟურნალისტი აფხაზეთში ომის დროს, 1993 წლის 28 ოქტომბერს, სამეგრელოში, ხობის რაიონული ცენტრის მოედანზე, სამოქალაქო დაპირისპირების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დააკავეს. იგი რამდენიმე სამხედრო ტყვესთან ერთად, საჯაროდ დახვრიტეს.
დათო ბოლქვაძემ 1987 წლიდან მუშაობა დაიწყო პირველ არხზე, მაშინდელ სახელმწიფო ტელევიზიაში ჯერ ლიტერატურულ, შემდეგ კი – თეატრალურ რედაქციაში ასისტენტად. 90-იან წლებში, სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხის დაარსებისთანავე, ამ არხზე ოპერატორად მიიწვიეს.
1993 წლიდან ის იყო საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა „ტაიმ-აუტის“ უცვლელი რეჟისორი და ოპერატორი. დაღუპვამდე რამდენიმე ხნით ადრე დაინიშნა მეორე არხის საინფორმაციო რედაქციის მთავარ რეჟისორად. აფხაზეთში ომის დროს, ამერიკულმა სააგენტომ იგი სააგენტოს კავკასიის ბიუროს ოპერატორად მიიწვია.