თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები დილიდან პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებების მთავარი თემაა.
მმართველი გუნდის აზრით, პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქცია კანონის ფარგლებს გასცდა და ძალადობაში და პარლამენტის შტურმის მცდელობაში გადაიზარდა, რაშიც ისინი ადგილზე მყოფ ცალკეულ ოპოზიციურ ძალებს ადანაშაულებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს, რომ სამართალდამცავები თავდაცვით რეჟიმში იყვნენ მანამდე, სანამ მოქალაქის სიცოცხლის საფრთხე არ შეიქმნა და პოლიციაზე ჯგუფური თავდასხმები არ დაიწყო.
სიტუაციის გამწვავებასა და ესკალაციაში ცალკეული ოპოზიციური ძალების პასუხისმგებლობას ხედავს არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ხელისუფლების მიმართაც აქვს პრეტენზიები.
სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე მიუთითებს არასამთავრობო სექტორი. სახალხო დამცველი პროკურატურას გუშინდელი მოვლენების გამოძიებას სთხოვს.