განვლილი ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა „დასაქმების ხელშეწყობის ცენტრმა“. ცენტრი ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსდა. მისი მიზანი იმ კატეგორიის მოქალაქეების დახმარებაა, რომლებსაც დამოუკიდებლად დასაქმება განსაკუთრებით უჭირთ. განვლილი ერთი წლის განმავლობაში ცენტრის მომსახურებით 1000-მდე პირმა ისარგებლა, რომელთა შორისაც მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პენსიონერები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი პირები და ის მოქალაქეები იყვნენ, რომელთაც სულ მცირე სამწლიანი კარიერული წყვეტა ჰქონდათ ან სამუშაო გამოცდილება არასდროს ჰქონიათ. ცენტრი ასეთ პირებს ტრენერების დახმარებით ამზადებს და შესაბამისი უნარების შეძენაში ეხმარება, ამის შემდეგ აკავშირებს მათ დამსაქმებლებთან. ფუნქციონირებს დასაქმების ხელშეწყობის სამი ცენტრი. ორი თბილისში და ერთი – ქუთაისში.