საქართველო პიკის პერიოდს უახლოვდება. პროგნოზები მძიმეა. პაატა იმნაძემ ჩვენი ეთერიდან მოსახლეობას პირდაპირ უთხრა, რომ მკაცრი შეზღუდვების და სოციალური დისტანცირების დარღვევის შემთხვევაში, ქვეყანაში შესაძლოა იტალიის მაგალითი განმეორდეს. აღდგომის ღამის ლიტურგიის დროს, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა დაცული იქნება დისტანცია – ასეთია ხელისუფლებასთან კონსულტაციების შემდეგ საპატრიარქოს გადაწყვეტილება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელების შეფასებით, ეპიდაფეთქების თავიდან ასაცილებლად, გადამწყვეტი იქნება მომდევნო ოთხი დღე.
,,დარჩით სახლში, რომ გადავრჩეთ”-ეს არის ექიმების მთავარი მოწოდება და ერთადერთი გამოსავალი შექმნილ ვითარებაში, რათა ორი-სამი კვირის შემდეგ მოსალოდნელი ყველაზე ცუდი სცენარი, რეალობად არ იქცეს, დაავადების გავრცელების სისწრაფის შენელება შეუძლებელი არ აღმოჩნდეს და ჯანდაცვის სისტემამ ნაკადების მართვა შეძლოს. მკაცრი მოწოდებების და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ქუჩებში დღესაც შეინიშნებოდა ხალხმრავლობა.