„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება სულ უფრო მძაფრ ფორმებს იღებს.
პარტიის აჭარის ორგანიზაციის წევრთა ნაწილი ლევან ხაბეიშვილის გადაყენებას ითხოვს და შესაბამისი პროცედურის დაწყების ინიციატივით გამოდის. მიზეზად ნიკა მელიას მხარდამჭერთა დევნა სახელდება. უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება ბათუმის საკრებულოში გამოთავისუფლებულ ადგილს, რომლის შესავსებად ახალმა თავმჯდომარემ პარტიულ სიაში გადაადგილებები მოახდინა და ოთხი ადამიანი, რომლებიც სიაში მომდევნო ნომრები იყვნენ, სიიდან საერთოდ ამოიღო. ოთხივე მათგანი მელიას მხარდამჭერია. ხაბეიშვილის მხრიდან შევიწროებასა და ზეწოლაზე საუბრობს ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეც. თავის მხრივ სიიდან ოთხი ადამიანის ამოღებას პარტიულ ღონისძიებებში არ მონაწილეობით და ახალი მენეჯმენტის კრიტიკით ხსნის ლევან ხაბეიშვილის ფრთა. ერთობაზე არაერთი საჯარო განცხადების მიუხედავად, დაპირისპირებას დიდი ალბათობით გაგრძელება ექნება, რადგან ახალი თავმჯდომარის ბოლო გადაწყვეტილებების უპასუხოდ დატოვებას არ აპირებს არჩევნებში დამარცხებული და ცალკე ოფისში გადასული ნიკა მელია, რომელიც ხაბეიშვილს რეპრესიებში ადანაშაულებს.