„ლელოს“ ინიციატივის გარშემო პოლიტიკური უთანხმოება მწვავდება.
მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიას განცხადებითაა უკმაყოფილო. სავარაუდო ფარული მიყურადების მასალების საქმეზე რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის ინიციატორი პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს და იმედი აქვს, რომ პარტია საკუთარ პოზიციას გადახედავს. საუბარია მელიას იმ კომენტარზე, სადაც მან რეფერენდუმისთვის მზადების მოტივით რიგგარეშე სხდომაში მისი პარტიის წევრების მონაწილეობა გამორიცხა. საპარლამენტო ოპოზიციიდან სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოუწერია ხელი „ლელოს“ ინიციატივისთვის, თუმცა ირკვევა, რომ პარტიის შიგნითაც აზრთა სხვადასხვაობაა.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სხდომის ჩატარებას პოლიტიკურ სპეკულაციად აცხადებს მმართველი გუნდი, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე 2 ოქტომბრის შემდეგ ფარული მასალების რეზონანსულ საქმეზე სხდომის მოწვევას აანონსებს და სხვა საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებასაც არ გამორიცხავს.