დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებს შორის 

 ოპოზიციაში შიდა დაპირისპირების ახალი ეტაპი დაიწყო, ამ ფონზე სულ უფრო მცირდება საერთო ოპოზიციურ ფორმატში მიმდინარე კონსულტაციების მონაწილეთა რაოდენობა. ფაქტია, რომ „ლელოს“ ოფისში გამართულ ბოლო შეხვედრაზე, „გირჩი“ არავის მიუწვევია.

ალეკო ელისაშვილის შემდეგ, სწორედ ხვიჩია-მეგრელიშვილ-რაქვიაშვილის გუნდი ხდება კრიტიკის მორიგი სამიზნე. ბოლოდროინდელი ხმამაღალი განცხადებების ფონზე, ოპოზიციას ახლა განმარტებების გაკეთება უწევს კითხვაზე, აპირებენ თუ არა ოპოზიციური ერთობიდან ,,გირჩის” გარიცხვას, რომელიც პარლამენტში შესვლას მხოლოდ ოპოზიციასთან ერთად განიხილავს და რომელიც შექმნილ ჩიხურ ვითარებაზე პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს. სავარაუდოდ, სწორედ ეს განცხადება არ მოეწონა ნიკა მელიას. მასა და იაგო ხვიჩიას შორის გამართული გუშინდელი სატელეფონო დიალოგი დღის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა.