„ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირებულ მხარეებს მოუსმინა პირველი არხის მაყურებელმა გადაცემაში „აქტუალური შაბათი მაკა ცინცაძესთან ერთად“. ლაშა ფარულავამ პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ქმედებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ლევან ხაბეიშვილი არის სწორედ ის კანდიდატი, რომელსაც რეალური ცვლილებების განხორციელება შეუძლია. ნიკა მელიას მომხრემ, ბაჩო დოლიძემ კი ვანო მერაბიშვილის უარყოფით როლზე ისაუბრა და განმარტა, რომ თუკი მერაბიშვილი იქნება წინა პლანზე პარტიაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ოპოზიციაში დარჩება.
ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპონენტები მის მიმართ ბინძურ კამპანიას ხლართავენ. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ ზუგდიდში, პარტიის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. თუმცა, ნიკა მელიამ აქვე აღნიშნა, რომ ის ამომრჩევლის სწორ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულია. მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ძლიერმა კანდიდატმა უნდა გაიმარჯვოს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ პროცესებს საპარლამენტო უმრავლესობაში აფასებენ. „ქართული ოცნების“ პოზიცია უცვლელია. მმართველი გუნდის წევრები ისევ მთავარი ოპოზიციური ძალის დაშლას პროგნოზირებენ.