ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საერთო განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით, პარტიის ახალმა მენეჯმენტმა პოლიტსაბჭო უკანონოდ დაშალა და რაიონულ ორგანიზაციებში ფიქტიური არჩევნები ჩაატარა. ერთადერთი გამოსავალი, განცხადების ავტორების თქმით, ხაბეიშვილისა და მისი თანამოაზრეებისგან პარტიის დაცლაა.
რა რეაგირება მოჰყვება ახალქალაქის საკრებულოს წევრების ამ განცხადებას მოქმედი მენეჯმენტისგან, ეს სავარაუდოდ მოგვიანებით გაირკვევა. თუმცა, სწორედ მსგავსი განცხადებების გამო გადააყენეს თანამდებობიდან ფოთის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.
როგორია პარტიიდან გარიცხულად გამოცხადებული მელიას პოზიცია მიმდინარე პროცესებზე, ჯერ ისევ გაურკვეველია. ყოფილი თავჯდომარე რამდენიმე დღეა დუმს.