„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა კრიზისი მწვავდება.
ერთიანობისკენ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები ღიად რჩება. დაპირისპირებული ფლანგები ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებენ. დაძაბულობა ვერც ნიკა მელიას ინიციატივამ განმუხტა. პარტიის ყოფილი თავმჯდომარის შეთავაზება ახალი მენეჯმენტისთვის მიუღებელია. საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ნდობის საბჭოს“ შექმნაზე, რომელსაც მელია გადაწყვეტილების მიმღებ ერთადერთ ორგანოდ მოიაზრებს. შეუსრულებელი საარჩევნო დაპირებების გამო ყოფილი თავმჯდომარე მოქმედს მწვავედ აკრიტიკებს და არაფორმალური მმართველობის დასრულების და პარტიის გააქტიურების ერთადერთ გზას სწორედ პარიტეტულ საწყისებზე დაფუძნებულ ნდობის საბჭოში ხედავს, სადაც ყველა მხარეს საკუთარი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს. პასუხად ხაბეიშვილის გუნდი ნიკა მელიას იმ მანიფესტზე შეერთებას სთავაზობს, რომელზე ხელის არ მოწერის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილმა ყველას კარისკენ მიუთითა.