დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

ახალ მენეჯმენტთან მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას არ ჩქარობს, თუმცა პარტიის თავმჯდომარის მიმართ კრიტიკა და ტონი სულ უფრო მწვავდება.

მელია ცხრა თვის წინ არჩეულ ლევან ხაბეიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების დაპირებას ახსენებს და პარტიის ახალ ხელმძღვანელობას უმოქმედობის, ანუ იმავე მიზეზით აკრიტიკებს, რის გამოც თავად ის იანვარში ხაბეიშვილით ჩაანაცვლეს. არაფორმალური მმართველობის და კეზერაშვილ-მერაბიშვილის დავალებების შესრულების ბრალდებებს ხაბეიშვილი არ იღებს და მელიას პარტიაში ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. დაპირისპირება მხოლოდ პარტიით არ შემოიფარგლება. ყოფილი მმართველი ძალის მოქმედი თავმჯდომარე არც იმ ადამიანების კრიტიკას ერიდება, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ დატოვეს. შესაბამისად, ერთი წლის წინ დაწყებული მწვავე უთანხმოების დასრულების პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.