„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი სტრუქტურის შექმნის გეგმამ შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა.
პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია არაფორმალური მმართველობის არგუმენტით მერაბიშვილ-კეზერაშვილის მიმართ კრიტიკას ამწვავებს და სრულად გამორიცხავს რაიმე ფორმით იმ ბორდში ყოფნას, რომლის შექმნა კვიპროსში კეზერაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაანონსდა. გავრცელებული ინფორმაციით, მენეჯმენტის და პოლიტსაბჭოს პარალელურად, ახალი სტრუქტურის, ბორდის ფორმირება მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ უკმაყოფილებას უკავშირდება. ცხრა თვის წინ არჩეული ხაბეიშვილი მის შესაძლო შეცვლაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა ბორდის შექმნა, სავარაუდოდ, სწორედ მისი პოზიციების შესუსტებას და პარტიის სხვა ლიდერების გავლენების ზრდის გეგმას უკავშირდება. ვინ მოიაზრებიან ამ ლიდერებს შორის – სავარაუდო კანდიდატურებზე უკვე აქტიურად საუბრობენ.