„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება გრძელდება.
ხმაურიან და სკანდალურ განცხადებებს კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე აკეთებს. სოციალურ ქსელში ნიკა მელიას ბრალდებების ადრესატი ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეა. მელიას შეფასებით ბარამიძე პოლიტიკური კორუფციის ჭაობში ჩაეფლო, პრინციპებს უღალატა და პროგრესის მოწინააღმდეგედ იქცა. მისი თქმით, ამ ტემპით „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ საოცნებო ოპოზიცია გახდება, რომელიც მმართველ გუნდთან კოალიციას შექმნის და მომდევნო მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციას მოახდენს. ყოფილი თავმჯდომარე ჩაკეტილი წრის გარღვევას სიმართლით და სიახლით აპირებს, თუმცა მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ჯერ არ საუბრობს და კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება.
ნიკა მელიას პოსტს სოციალურ ქსელში ბრალდებებითვე უპასუხა გიორგი ბარამიძემ და მელიას უპრინციპო უწოდა. ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებებს უარყოფს მოქმედი თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ფლანგი. მათი თქმით, მელია კვლავ შიდა პარტიულ საარჩევნო რეჟიმშია ჩარჩენილი და ადეკვატურ პოლიტიკურ შეფასებებს ვეღარ აკეთებს.