„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება მწვავდება.
ნიკა მელიას თავდასხმის სამიზნე ვანო მერაბიშვილთან და დავით კეზერაშვილთან ერთად, ზაზა გოროზიაც ხდება. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე პოლიტსაბჭოს წევრ გოროზიას „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარესთან, ფრიდონ ინჯიასთან გარიგებაში ადანაშაულებს და სწორედ მას აკისრებს პასუხისმგებლობას მარტვილის საკრებულოში ოპოზიციის მიერ უმრავლესობის დაკარგვაზე. მელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კეზერაშვილ-მერაბიშვილ-გოროზიას კავშირს მხოლოდ ფინანსების შოვნის ინტერესით ხსნის. ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში რამდენიმე თვიანი შიდა განხეთქილება „გამარჯვების პლატფორმის“ შექმნამ კიდევ უფრო გააღრმავა. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ხაბეიშვილ-ვაშაძის ტანდემითაც უმაყოფილოა და პრემიერობის კანდიდატად „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის შესაძლო წარდგენის იდეაც არ მოსწონს.
არაადეკვატური და დეპრესიაში მყოფი ადამიანის წუწუნი – ასეთია ლევან ხაბეიშვილის პასუხი. მელიას ძველი წყენის დავიწყებისკენ მოუწოდებს ვაშაძის პარტია. მძიმე ურთიერთბრალდებების და ყოველდღიურად მზარდი შიდა დაპირისპირების ფონზე ყოფილი მმართველი პარტია გუნდიდან წლების წინ წასულ და ახლა დაბრუნებულ გიორგი ვაშაძესთან ერთად, წინასაარჩევნო ოპოზიციური ერთობის ფორმირებას ცდილობს.