დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მწვავე რიტორიკას არ წყვეტს.

თანხის არამიზნობრივად ხარჯვაში დადანაშაულების შემდეგ, სოსო თოფურიძე ნიკა მელიას გადადგომას მოითხოვს და პარტიას ყველა ხარჯის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. კრიტიკის მთავარი ობიექტი მელიაა, თუმცა ირიბად ის, სავარაუდოდ ყველას ეხება, რადგან საქართველოდან წლების წინ წასული თოფურიძე პარტიის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე აკეთებს აქცენტს და ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებმა მიატოვეს.

ექს-მაღალჩინოსნის ბრალდებებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკმაოდ მძიმე რეაქციები მოჰყვა. გზავნილი ერთია – გუშინ და დღეს გავრცელებული განცხადებები ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციის და სუს-ის ნარატივის გაგრძელების მცდელობაა. ლიდერთა ნაწილის აზრით, სოსო თოფურიძეს პარტიის კრიტიკის მორალური უფლება საერთოდ არ აქვს, თუმცა კუდ-ის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე გაჩუმებას არ აპირებს.