„აუცილებელია, რომ პარტიაში არ იქნას დაშვებული არანაირი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს დაპირისპირების, დეზინტეგრაციისა და გაუცხოების გაღრმავებას. დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, შეწყდეს ყოველგვარ შიდა პარტიულ საკითხზე, მათ შორის პარტიულ არჩევნებზე საუბარი“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას თქმით, „დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე დგას უმძიმესი პოლიტიკური გამოწვევა, რაც უკავშირდება ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას და უპირველესად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ასევე მისი გათავისუფლების საკითხს უკანონო პოლიტიკური ტყვეობიდან“, – წერს მელია.
ნიკა მელიას განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გამოეხმაურა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, პოლიტიკური პროცესები სხვადასხვა მხარის პოზიციების მიუხედავად გაგრძელდება. ეს განცხადება ხაბეიშვილმა იმ ბრიფინგზე გააკეთა, რომელზეც დასახელდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევნები. არჩევნები 17-20 მაისს 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.