შიდა არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის ურთიერთბრალდებები უკიდურესად მძიმდება. თუ მანამდე მხოლოდ მინიშნებებით საუბრობდნენ, ახლა მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერი ლიდერები პირდაპირ ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილის უკან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დგანან, რომლებსაც პარტიის არაფორმალურ მმართველობაში და ფარული ჩანაწერების გავრცელებაში ღიად ამხელენ. კეზერაშვილთან და მერაბიშვილთან ერთად ლევან ვარშალომიძის ინტერესზე მიუთითებს „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაცია, რომელიც მელიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ბრალდებები არანაკლებ მძიმეა მეორე მხრიდან. ხაბეიშვილი მთავარ კონკურენტს, ანუ ნიკა მელიას პარტიის ჩამოშლა-განადგურებაში სდებს ბრალს, მისი მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა ნუგზარ წიკლაურიც, რომელსაც მერაბიშვილზე გაკეთებული ნეგატიური კომენტარის გამო აკრიტიკებს.
სადავო ხდება არჩევნების ჩატარების ფორმატიც. თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი გიორგი მუმლაძე რეგისტრაციის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს და მათ გასასწორებლად პარტიას ვადას ხვალამდე აძლევს.