დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი, სოლიდარობის აქციების საორგანიზაციო საკითხები „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირების მიზეზი ხდება.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსი უფლებადამცველისა და ბლოგერის, მარკ ფეიგინის მიერ 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დაანონსებულ აქციას საქართველოშიც უერთდებიან და აქციები თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციიასთან და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაიმართება. ხაბეიშვილის ამ განცხადებას პარტია განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სოლიდარობის აქცია თბილისში, 4 იანვარს მშვიდობის ხიდზე გაიმართება, ხოლო ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება არა ორი, არამედ – რვა. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების თანახმად, რვა ლოკაციიდან სამის – თელავის, გორისა და რუსთავის აქციების ორგანიზება დაევალა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ თავმჯდომარეებს.

„პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის ის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ“, – ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.