ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ორი დღის წინ დააკავეს. შსს-ს ცნობით, გლდანში მომხდარი დაპირისპირებისას, მელიამ და მასთან ერთად დაკავებულმა პირებმა სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს. ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დღეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა წერილიც გაავრცელეს, სადაც მელიას, დოლიძისა და კუპრავას დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს და ხელისუფლება ავტორიტარიზმში დაადანაშაულეს. გლდანში მომხდარ ინციდენტს და ოპოზიციის ბრალდებებს დღეს კიდევ ერთხელ უპასუხეს უმრავლესობიდან.