„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირება ახალ მასშტაბებს იძენს.
წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას აქტიურდება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც რეგიონებში შეხვედრებს მართავს. დავით კეზერაშვილთან ერთად სწორედ მერაბიშვილს აცხადებს ნიკა მელიას გუნდი კონკურენტ ლევან ხაბეიშვილის მთავარ საყრდენად, რასაც დღეს თავად ხაბეიშვილიც ადასტურებს. მელიას ფრთის მხრიდან წაყენებული კულუარული მართვის და პარტიული გავლენების მოპოვების ბრალდების შემდეგ ყოფილი ძალოვანი მინისტრის მიმართ კიდევ ერთი მძიმე ბრალდება ჟღერდება. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და ტელეკომპანია „მთავარის“ თანადამფუძნებელი მერაბიშვილსა და რუსეთის სპეც-სამსახურებს შორის შესაძლო თანამშრომლობაზე წერს. გიორგი რურუა ნიკა მელიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და სკანდალურ განცხადებას აკეთებს აგვისტოს ომზეც. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ორი მთავარი კანდიდატის, ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის გუნდები მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებენ. გეგმებზე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში ხაბეიშვილს ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ რევოლუციური პროცესებით ესახება.