გაერთიანების ნაცვლად გაღრმავებული კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ – ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელია პარტიიდან გარიცხულად გამოაცხადა.
ახალი წესდებით, თავმჯდომარეს ამ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლებამოსილება აქვს, რაც ხაბეიშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ზეპირი განცხადებით და შემდეგ ხელმოწერით დაადასტურა. და ეს მაშინ, როცა მელიას, მიხეილ სააკაშვილის ერთიანობის მანიფესტზე ხელის არ მოწერის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ყოფილი თავმჯდომარის მიმართ მოქმედი თავმჯდომარის დამოკიდებულებამ ორად გაყოფილ გუნდში დაძაბულობა გაამწვავა და საკმაოდ მძიმე რეაქციები გამოიწვია. ხაბეიშვილის საქციელი მიუღებელი აღმოჩნდა პარტიის იმ წევრებისთვისაც, რომლებიც გარკვეულწილად ახალ მენეჯმენტში მოიაზრებიან. თავმჯდომარის მიერ შერჩეულ ფორმას კრიტიკა მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეებისგანაც. თავის მხრივ, ტონი კიდევ უფრო გამწვავდა ყოფილი თავმჯდომარის ფლანგისგან, რომელიც პარტიის დატოვებას არ აპირებს.