შიდა არჩევნების მოახლოებასთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური გარჩევები და დაპირისპირება პიკს აღწევს.
წინასაარჩევნო მარათონში კომპრომატებიც ჩნდება. ინტერნეტში გავრცელებულმა ახალმა აუდიო ჩანაწერმა უთანხმოება კიდევ უფრო გაამძაფრა. ორ ბანაკად დაყოფილ პარტიაში თავმჯდომარეობის ორი მთავარი კანდიდატის, ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი ლიდერების მხრიდან ურთიერთბრალდებები მძიმდება. მელიას გუნდი ყოფილი ძალოვნების, მერაბიშვილ-კეზერაშვილის კვალს ხედავს იმ აუდიო მასალის მიღმა, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის და რომელშიც მელია, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდით დათარიღებული ჩანაწერის მთავარი ფიგურანტი ნიკა მელია, რომელსაც პარტიის ლიდერთა ნაწილი სააკაშვილის გათავისუფლების თემაზე პასიურობის არგუმენტით დაუპირისპირდა, ორი დღეა, დუმს. გასხვავებით მისი მხარდამჭერი თანაპარტიელებისგან, რომელთა ტონი პარტიის მოქმედი თავმჯდომარის მთავარი კონკურენტის, ანუ ხაბეიშვილის ფრთის მიმართ ყოველდღიურად მწვავდება.