მორიგი ინციდენტი ბოლნისში.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ავტო-კოლონაში მოძრავი ერთ-ერთ მანქანის მძღოლი აცხადებს, რომ მის ავტომობილს ქვა ესროლეს. თვითმხილველების განცხადებით, ქვა „ტოიოტას“ მარკის შავი ავტომობილით მოძრავმა პიროვნებამ ისროლა. ინციდენტის ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. მანამდე ბოლნისში პოლიტიკურ აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სოფელ ნახიდურში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ და კონფლიქტში მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს არიფ იუსუფოვს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ადგილზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი შაშკინი. პარტიის აქტივისტები, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ სამართალდამცავებთან არ თანამშრომლობენ. პოლიციაში გამოკითხვაზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ აქტივისტები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოკითხვა დილიდან განახლდა. ინციდენტის დროს დაზარალებული„ ქართული ოცნების“ აქტივისტი, რომელსაც თავის არეში ღია ჭრილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება, მკურნალობას მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში გადის. მისი მდგომარეობა სტაბილურია.