აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმია ბეილაგანს, ტერტერს და ბარდას ბომბავს. უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის გასანეიტრალებლად ადეკვატური ზომები უკვე მიღებულია.
ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები სომხეთის ჯერმუკის, გაფანისა და ბერდის რეგიონებიდან გაუშვეს, რომელთა სამიზნე აზერბაიჯანის მჭიდროდ დასახლებული რაიონები გახდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას უარყოფს.
აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ სომხეთმა აბშერონისა და ხიზის, ასევე მინგეჩაურის მიმართულებით რაკეტები გაისროლა. მათი ცნობით, არიან დაშავებულებიც. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე „ტვიტერზე“ წერს, ამ რეგიონის მიმართულებით ორი საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტა გაისროლეს. ილჰამ ალიევი ამბობს, რომ აზერბაიჯანის არმიამ ჯებრაილის რაიონში ცხრა სოფელი გაათავისუფლა.
სომხეთის მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ თუ მსოფლიო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ზუსტ შეფასებას არ მისცემს, ევროპა ვენის საზღვართან თურქეთის ძალებს უნდა ელოდეს.