დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში    

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურია. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანში მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ.

ადგილზე მოწყობილია საველე ბანაკი. 60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში პრემიერის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. მათ დამატებით 40 მაშველი უახლოეს მომავალში შეუერთდება. ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით. ქართველი მაშველების საქმიანობას პირადად უწევს კოორდინაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი.