ვაშინგტონში გამართული ნაყოფიერი შეხვედრების შედეგად უკრაინამ პარტნიორების მხრიდან დამატებით 5 მილიარდი დოლარის დაფინანსების დაპირება მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. დახმარების ახალი დაპირებები უკრაინამ შვეიცარიის, დანიის, ესპანეთის, ირლანდიის, იაპონიის, ლატვიისა და ლიეტუვისგან მიიღო.
ამას გარდა, უკრაინულმა მხარემ ამერიკულ კომპანია „ბოინგთან“ უკრაინული კომპანიებისთვის 200 მილიონი დოლარის დავალიანების ჩამოწერის შესახებ მიაღწია შეთანხმებას. პრემიერის თქმით, წელს საბიუჯეტო დანაკლისის დასაფარად უკრაინას დაახლოებით 14 მილიარდი დოლარის დაფინანსება სჭირდება. როგორც მან აღნიშნა, ამ მიზნისთვის აშშ ორ მილიარდ დოლარზე მეტს, ევროკავშირი კი, მილიარდ ევროს გამოყოფს.