აშშ უკრაინას 2 მილიარდ 200 მილიონ დოლარამდე ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. შესაბამის ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. მორიგი დახმარება მოიცავს საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და მაღალი სიზუსტის შორი მანძილის რაკეტებს, ასევე „ჰაიმარსისთვის“ საჭირო აღჭურვილობასა და ჯავშანტექნიკას.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ახალი სარაკეტო სისტემები, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს აღემატება, უკრაინელი სამხედროებისთვის ხელმისაწვდომს გახდის უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის მომარაგების ყველა ხაზს, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ნაწილს. აღსანიშნავია, რომ „ჰაიმარსის“ მოქმედების რადიუსი 77 კილომეტრს შეადგენს.