შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 მაისს, პარლამენტთან აქციის დროს, ნივთის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საპროტესტო აქციის დროს აღნიშნულმა ორმა პირმა, სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე რკინის ნივთის გამოყენებით, პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.