დაკავება „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხრა პირი აიყვანეს. დაკავებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზესტაფონში მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები ბიზნესპარტნიორებს შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული გარჩევის“ მოსაწყობად დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომელიც „ქურდულ გარჩევაში“ დისტანციურად ჩაერთო და ერთ-ერთ ბიზნესმენს – მეორე ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ, დადგენილ ვადაში 10 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. პოლიციამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კიდევ ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ორი ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.