რატომ დააკავა პოლიციამ ახალქალაქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, არტურ მკოიანი. ოპოზიციური პარტია სამართალდამცავებს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. საკითხზე განმარტება დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. უწყების ცნობით. მკოიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. თავად მკოიანი კი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, რაზეც სასამართლომ მას 11-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. მისი დაწყების საფუძველი კი გახდა მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ გადაადგილებისას, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გასროლა. მომხდარი ფაქტის შემდეგ მძღოლი ავტომობილიანად მიიმალა. გამოძიების ფარგლებში, მალევე მოხდა ავტომანქანის მძღოლის იდენტიფიცირება და დადგინდა, რომ „ოპელის“ მარკის ავტომობილს მართავდა 1985 წელს დაბადებული ა.მ. გამოძიების ფარგლებში, ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკისას, აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იქნა დაკავებული. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს.