საქართველოს პრემიერ-მინისტრი „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ პარლამენტი სამართლებრივად გამართულ კანონს მიიღებს. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ეს საქართველოს კანონმდებლობას საერთაშორისო პრაქტიკასთან კიდევ უფრო დააახლოებს.
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მეორე მოსმენით, 81 ხმით გუშინ მიიღო. კანონპროექტი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი ხმათა ეს რაოდენობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერა ორჯერ იქნება შესაძლებელი და ისინი უფლებამოსილების განხორციელებას ხუთი წლის ვადით შეძლებენ. თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერცერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.
ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება, რის შემდეგაც ერთი კვირის ვადაში პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, სიაში შემავალ პირთაგან ხუთი წლის ვადით დანიშნოს კანდიდატები. ცვლილებებით ასევე, ცესკო-ს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც ცესკო-ს პარტიულ წევრთაგან ინიშნება პირი და ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.