ხმაურიანი განცხადებების ფონზე ჩაიარა პარლამენტის თავმჯდომარის და მედიის წარმომადგენლების შეხვედრამ.
ვიდრე მმართველი გუნდი გადაწყვეტს, დაძლიოს თუ არა მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო, კანონში შეტანილი ცვლილებების გარშემო მორიგი დისკუსია გაიმართა. უთანხმოების ერთ-ერთ მთავარ თემად ისევ კომერციული რეკლამა რჩება, რომელიც კანონპროექტის მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის ეთერში შეზღუდული დროით უნდა განთავსდეს. ცვლილებების მოწინააღმდეგეები არგუმენტად კერძო მაუწყებლებისთვის შემოსავლების შემცირებას ასახელებენ, მათ პოზიციას ირაკლი კობახიძე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებს უპირისპირებს.
ვეტოს დაძლევა-არდაძლევაზე გადაწყვეტილება მომდევნო კვირას საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას უკვე აფიქსირებს და ვეტოს დაძლევას მხარს უჭერს.