ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება ბოლნისის ორი სოფელი – გეტა და მუშევანი. გეტაში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და მის გახსნას უახლოეს დღეებში ელოდებიან. რაც შეეხება მუშევანს, საკვლევი მასალა დასახლებიდან უკვე აღებულია და შედეგებს სპეციალისტები დღის ბოლომდე ელოდებიან. სულ ბოლნისში 186 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 116 გამოჯანმრთელებულია და ოთხი გარდაცვლილი. ცხრა ანალიზის პასუხი გახდება ცნობილი რუსთავიდან.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაინფიცირებული ექთნის ახლო კონტაქტში მყოფ პირებს კვლევა ჩაუტარდათ. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. კლინიკაში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამი პაციენტი მოათავსეს. ისინი სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან და მოგზაურობის ისტორია აქვთ. ამ დროისთვის, სამედიცინო დაწესებულებაში შვიდი ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ბოლო კვირის განმავლობაში, რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ცხელებისა და სხვა რესპირატორული ჩივილებით პაციენტების მომართვიანობა შემცირებულია. ამჟამად კლინიკაში მოთავსებულია ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომლებიც ზუგდიდში მცხოვრები მძღოლის კლასტერიდან არიან.