შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევების შედეგებია. კოვიდ-19 სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენელს გამოუვლინდა. ინფიცირების ექვსი შემთხვევა აჭარაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა, ერთი – მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულში, ერთი – ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში. ასევე ვირუსი დაუდასტურდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს ერთ თანამშრომელს აჭარაში.
ამასთან, ორი ფაქტი დადასტურდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც. აქედან ერთი ბათუმში, მეორე კი, ქალაქ რუსთავში. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.