სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან სრული დატვირთვით მაინც ვერ განახლდება.
იმ ექვს ქალაქს შორის, სადაც 15 სექტემბრიდან სწავლა ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს, ყველა კლასის მოსწავლეებს მხოლოდ ფოთის და გორის სკოლები მიიღებენ. თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში კი გაკვეთილები კლასებში მარტო პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ჩატარდება. დანარჩენი კლასები სწავლას ისევ დისტანციურად გააგრძელებენ. დღევანდელი გადაწყვეტილება არ ეხება აჭარას, როგორც წითელ ზონას, სადაც მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო სწავლის კლასებში დაწყების თარიღი გაურკვეველია.
გიორგი კობერიძე არკვევდა, რამდენად დაზღვეულია რისკები და დაცულია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო პროტოკოლი სკოლებში, რომლებმაც ზუსტად ერთ კვირაში მოსწავლეები უნდა მიიღონ.